ეძღვნება უკეთილშობილესი ადამიანის ხსოვნას...
.....სიკვდილი... სიკვდილი... შემოვიდა, შემოფათურდა კარის ჯახუნით, უხეშად, ბინძურად. ან სხვანაირად კი როგორ შეეძლო. შემოხეტიალდა ისე, რომ სირცხვილიც არ უგრძვნია და თავისი საქმე გააკეთა. დატოვა ტკივილი, ძველი ტკბილი მოგონებები, ხსოვნა და წავიდა... თან გაიყოლა...
გგონიათ ეს ეყო? გგონიათ ეს იკმარა? გაუმაძღარი და უგულო სიკვდილი... ისევ სცადა
სულში შეძრომა მის წასაყვანად, ისევ იქ, იგივე ოჯახში, ნეტავ რამ მიიზიდა? განა მისი ძალა პირველ ჯერზე საკმარისად არ აჩვენა? გადიდგულებული, გულზვიადი, დროის დაუხანებლად შეიძურწა და ცოტა ხანში მისი არსება ჩვეულმა სიამემ აავსო... სახლში საშინელი ღრიალის ხმა გაისმა, გაურკვეველი ყვირილი, ბრდღვინვა, ღმუილი ახლობლების... ეს იყო სულის ტკივილი. ჩაწყდა სადღაც ძაფი... მოულოდნელობა... სიზმარი... არარეალობა... ყველაფერი ერთმანეთში აირია და ეს ყოველივე დილის მზის ამოსვლასთან ერთად დაემსგავსა რაღაც გაურკვეველ რძისფერ ნისლს, რასაც სიკვდილის სუნი უდიოდა.
სული სხეულს დაჰყურებდა და ეძნელებოდა ამის დაჯერება. სიკვდილი მას გამარჯვებული სახით უმზერდა, ის არასდროს არავისთან დამარცხებულა, არც კი იცოდა რა იყო ეს განცდა - მარცხი, წაგება. კარგი რომ ყოფილიყო მისი ეს დაუმარცხებლობა, გმირი იქნებოდა უცილობლად.
სული შეშინებული დაჰყურებდა ახლობლების წაშლილ სახეებს და თანაუგრძნობდა, თუმცა უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობდა, ფარფატებდა მოლივლივე სივრცეში. ცდილობდა ენუგეშებინა დარჩენილი ახლობლები, მაგრამ მას ხომ ვერავინ დაინახავდა. ყვირილმა დაარღვია სამეზობლოს მშვიდი ცხოვრება, უკვე მეორედ, ერთი მიმართულებით. ყველას ყურადღება იქით მიეპყრო. თუმცა ეს არ იყო ჩვეული ცნობისმოყვარეობა, როცა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უნდათ-ხოლმე. აქ იგრძნობოდა გულის ტკივილი, თანადგომა, წუხილი... შეჭმუხნილი შუბლები და სევდიანი თვალები...
სულმა ცოტა ხანს მთელი სამეზობლო შემოიფარფატა, ყველა უკანასკნელად
შეათვალიერა. მერე ისევ სახლში შეიარა. მისი უსხეულო არსება ნაზად მიელამუნა ნიავის სახით სახლშიმყოფთაგან თითოეულს ლოყაზე და "მხრებჩამოყრილი" ამოუდგა სიკვდილს გვერდით... ორივენი გაუდგნენ გრძელ გზას... გვირაბის ბოლოს საყვარელი ადამიანი ელოდა... ღმერთო შეუნდე და დაუმკვიდრე სასუფეველი...
2012წ.

No comments:
Post a Comment