Wednesday, August 20, 2014

წკაპ... წკაპ... წკაპ...


   სახეალეწილი წვიმის წვეთები ეხეთქება დედამიწას და იშლება ნაწილებად, ნაწილაკებად, მოლეკულებად. ჯერ ნიაღვარი არაა და იჟონება დედამიწის სიღრმეში. გარეთ ვზივარ და წვიმის ხმის გარდა არაფერი ისმის. ხის ფოთლებზე, სახლის სახურავებზე, ფანჯრების რაფაზე, ყველგან წვიმის წვეთები დათარეშობენ. შიგადაშიგ ნიავიც წამოუბერავს და თითქოს წვიმაც უფრო მეტი მონდომებით მოდის, არ მაჯობოსო ქარმა.
        მიწა უკვე საგრძნობლად გადასველდა და ჰაერშიც წვიმის სუნი იგრძნობა. საღამოა. წესით მზეს ახლა რა უნდა, მაგრამ ჩუმად იჭყიტება ღრუბლებიდან, "მზე პირს იბანსო" - ხომ ამბობენ. მიყვარს ასეთი ამინდი. მზიანი წვიმის მერე ცისარტყელა იცის ხოლმე და მეც პატარა ბავშვივით მიხარია მისი დანახვა.
    ქუხს (ქუხილის მეშინია), თან ისე ძლიერად, რომ გეჩვენება თითქოს ღრუბლები ჯარისკაცებად დაირაზმნენ და საომრად გამზადებულანო, ომი გაუმართავთო.
      ცოტა სიგრილეა, მაგრამ გაზაფხულის წვიმა მაინც სხვანაირად მიყვარს, რაღაცნაირია, მხიარული, ცელქი, მსუბუქი, უფრო სანგვინიკი და ზამთრის მელანქოლიურ წვიმას არაფრით არ ჰგავს.
    წვიმამ მოუკლო. თითქოს წეღანდელმა სიბრაზემ გადაუარაო. წვიმის წვეთებიც ისეთი დიდები აღარ არიან და უკვე მორიდებით ეცემიან მიწას. მგონი ღრუბლები ძალას იკრებენ, რომ ახალი  ენერგიით მეტი სიმძაფრე შემატონ ლაზათიან გაზაფხულის წვიმას.
    ასეთ ამინდს შაშვის გალობა უხდება, შემიმჩნევია წვიმის მერე ხშირად გალობს ხოლმე. ეტყობა მასაც მოსწონს შხაპუნა წვიმა და გალობით მადლობას უძღვნის. ვზივარ ეზოში და უკვე შაშვის გალობას ველოდები. ცისარტყელა არ გამოჩენილა...





2012წ.





                                           

Tuesday, August 19, 2014

ეს ის არ არის...


  რა მარტივად მოვიდა სიკვდილი. იჯდა და წერდა როგორც ყოველთვის. მოულოდნელად ხმაური შემოესმა, ვერც კი გააცნობიერა რა ხდებოდა, თავი რომ ასწია უკვე...  შემოცვივდნენ ვიღაც ნიღბიანები და ერთი მათგანის დამიზნებულმა იარაღმა თავისი ტყვია პირდაპირ მის საფეთქელში მოათავსა. წვა იგრძნო თითქოს და რაღაცნაირი სიცხე,  მაგიდაზე თავის დარტყმაც. მერე ყველაფერი გაბუნდოვანდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო დასასრული. ისევ აგრძელებდა ფიქრს. ნეტა როგორ? ყოველთვის ეშინოდა სიკვდილის, ბევრჯერ უფიქრია ამაზე და შეიძლება ათასი ვარიანტიც დაუხატავს, მაგრამ ასეთი არასდროს. რა სულელური სიკვდილია, თითქოს უმტკივნეულო, მაგრამ მაინც სულელური. ჰმ, საკუთარ თავზე გაეცინა, არასდროს არ კმაყოფილდებოდა ცხოვრებით, თავისი თავით. სულ უკეთესობის, უკეთესი არჩევანის, უკეთესი მიზნის, მოკლედ იდეალების ძიებაში და მიღწევაში იყო და ახლა სიკვდილიც დაიწუნა.
      გაბუნდოვანება და ნაცრისფერი ნისლი ნელ-ნელა გაიცრიცა. მაგრამ სურათმა შეზარა. ყველა დახოცილი იყო, ყოველ შემთხვევაში ყველა სისხლიანი და გონდაკარგული. მისი ორი მეგობარი, კომპიუტერთან ერთი კლავიატურაზე დამხობილი, მეორე კი სკამის ქვეშ გართხმული, პირველს ზურგში და მეორეს გულში ჰქონდა ნასროლი, სისხლის გუბე ნელ-ნელა ფართოვდებოდა. უცებ გული მოეწურა, მეზობლის ბავშვი, დედამ რომ ჩააბარა, მძინარე მიეცხრილათ საწოლშივე, 5 წლის ბავშვი. შურისძიების, ბრაზის, გაბოროტების გრძნობამ იფეთქა, მაგრამ წამშივე გაუქრა, აზრი აღარ ჰქონდა და იმიტომ.
       უცებ...  ოოო, ეს ყველაზე შემზარავი რამ იყო, რაც კი ოდესმე უნახავს. საკუთარ თავს ზემოდან დაჰყურებდა, მარჯვენა ლოყით მაგიდაზე თავჩამოდებული, ხელში კალამშერჩენილი, ღია თვალებით, თვალებში ის გაკვირვება იდგა, რასაც ახლა თავადაც გრძნობდა. ღმერთო, როგორ შეეცოდა თავისი თავი.
       ხმაური ისევ გაიგონა. მეორე სართულიდან ისმოდა. მერე ნიღბიანებიც დაინახა, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, როგორც ჩანს მკვლელობა არ ჰქონდათ წინასწარ დაგეგმილი, იმედგაცრუებულნი ჩანდნენ. ერთს ხელში მისი ლეპტოპი ეკავა და მეორეს ყულაბა, ორი წლის წინ რომ უყიდა მეგობარმა. გულში ხარხარი აუტყდა. "გახსნას, გახსნას, ოღონდ გახსნას" - გაიფიქრა დამცინავი განცდით. ნიღბიანმა ყულაბის თავი მოხსნა და გინების კორიანტელიც მოაყარა. "რა ეგონა" - ისევ გაიფიქრა, როცა იქ არსებული 20 ლარიანი გაახსენდა და ხარხარი ისევ გულში აციმციმდა, მოიცვა მთლიანად ამ ხარხარმა. ეს იყო ნიშნისმოგებითი, ტკივილნარევი, მაგრამ მაინც ხარხარი, თან იმდენად ხმამაღალი, რომ უცებ შეეშინდა ნიღბიანებს მისი არ გაეგოთ. მერე ამ ფიქრზე გაეცინა - ის ხომ უკვე მკვდარი იყო...
       თავის სხეულთან ახლოს ჩამოჯდა და ნაწერს დააშტერდა. სამუშაო დაუსრულებელი დარჩა. ეს სტატია ხვალინდელ გაზეთში უნდა ყოფილიყო. არაუშავს, გაზეთის ეგ ნაწილი უფრო სენსაციური სტატიით შეივსება - მკვლელობები და მსგავსი ბომბი ხომ უფრო ეფექტურად მოქმედებს მკითხველის ყურადღების მისაპყრობად. "რა უცნაურია, სიკვდილის მერეც რა პრაგმატულად განაგრძობს ფიქრს".
        თითქოს ძალა გამოეცალა, დაიღალა... იქ ყოფნა უკვე დამთრგუნველი იყო მისთვის, უნდოდა ეყვირა, უნდოდა წაეხრჩო ნიღბიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები უკვე ტოვებდნენ ბინას. ყვირილი კი არ შეეძლო. თითქოს ისევ გაურკვევლობაში, ბუნდოვანებაში, რძისფერ ნისლში წავიდა, ჩაიძირა, თითქოს დაეძინა.
       წკრრ, წკრრ.. - აწკრიალდა ტელეფონზე მაღვიძარას ზუმერი და თავი ძლივს წამოწია საწოლზე. 
        - ადექი, შენ რა სამსახურში არ გაგვიანდება ვითომ? - შემოსძახა დაქალმა და ყავის ჭიქით ისევ სამზარეულოსკენ გაიქცა, - გუშინაც მაგიდაზე დაგეძინა, ძლივს გამოგიყვანე საწოლ ოთახში, რა გაქვს ამდენი სამუშაო? - გამოსძახა ისევ სამზარეულოდან, - ყავა დაგისხი და მე წავედი უკვე.
       "არ არსებობს, აუუ, სიზმარი ყოფილა", - გაეცინა, - "საბედნიეროდ" - დაამატა ფიქრში.
    - ვაიმე, სტატია დამრჩა დასაწერი, - ხმამაღლა წამოიყვირა და საწოლიდან ფეხშიშველი გავარდა სამუშაო ოთახისკენ...

9.11.2012 01:35