........... (ბედისწერა?)







ეძღვნება ადამიანს, რომლის ცხოვრებაც ბედისწერას სათამაშოდ გაუხდია და ათასგვარ "სიურპრიზს" უმზადებს, ადამიანს, რომლის "არ გაცნობის" შემთხვევაშიც ეს ნაწარმოები უბრალოდ ვერ დაიწერებოდა.

ოქტომბერი, 2013წ. 




I

       შემოდგომის ერთი უბრალო ყვითელი დილაა და მიუყვები გზას. ფიქრობ ათას რამეზე და თან არაფერზე, დილის ნისლივით ირევა ფიქრებიც და შემოდგომის სუსხიანი ქარი თითქოს კიდევ უფრო ფანტავს თავში მობორიალე ფიქრებსაც. გვერდიდან იწყებ შენი თავის ყურებას და გინდა, რომ ცოტა ხნით სხვა იყო, სხვა - იმისთვის, რომ ცნობისმოყვარეს თვალით საფუძვლიანად შეისწავლო საკუთარი თავი. აქ ხომ ასეა მიღებული, შენ უკეთ გაგშიფრავს და გამოგიცნობს სხვა; უკეთ შეგისწავლის დეტალურად; უკეთ ეცოდინება შენი პირადი ცხოვრება და ისიც, დილით კბილები გაიხეხე თუ არა; იმაზე უკეთ, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს. ჰოდა, რა მოხდება ერთხელ შენც შეძლო ეს? წახვიდე წარსულში და იყო უბრალოდ საკუთარ თავზე მოთვალთვალე ცნობისმოყვარე თვალი, რიგითი ჭორიკანა მეზობელი.
საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით... 
         გაზაფხულის სურნელს მოუცვია მთელი ეზო. ფუტკრების გამაბრუებელი ზუზუნი ისმის, აი ისეთი, ყურს რომ სიამოვნებს და ტვინს რომ სიგნალებად ჩაესმის - გაზაფხულია, გაზაფხულია...
        პატარა გოგონა, ვარდისფერ კაბაში, ფერიასავით დაფარფატებს ატმების ყვავილებით გადაპენტილ ეზოში. ისეთია, ისეთი, აი ჯადოსნური ჯოხი აკლია და ყველა ყვავილი მისი სურვილით ცეკვას დაიწყებს გგონია.
    - სალომე, მოდი, ჩემო პატარა, ნახე ატმის ყვავილებით რა ლამაზი გვირგვინი გაგიკეთე.
         - დედი, დედიკო, - ყვირის აღტაცებით პატარა სალი და დედისკენ მიტანტალებს.
     ღიმილი, ღიმილნარევი მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით.


II

    დედის კივილმა გააღვიძა ღამით. ვერ მიხვდა რა დაემართა დედიკოს. ყველა აწრიალებულიყო ოჯახში. მალე ექიმები მოვიდნენ და დედა საავადმყოფოში წაიყვანეს, მამაც გაჰყვა და ბებიაც. სალი ბიძამ დაიტოვა, მამის უმცროსმა ძმამ. რამდენიმე დღეში დედა სახლში დაბრუნდა, მაგრამ სალისდა გასაოცრად მსუქანი აღარ იყო. დედამ პატარა ელენიკო მოიყვანა, რაღაცნაირი იყო, წითელი და სულ ტიროდა. დღე დღეს მისდევდა და დაიკოზე ეჭვიანობები ნელ-ნელა მასზე ზრუნვით იცვლებოდა სალის მხრიდან.
      ღიმილი... ღიმილნარევი მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით.
    პირველად ბაღში შეუყვარდა. პატარა მოკლეშარვლიანმა ბიჭმა ჩუპა-ჩუპსი რომ გაუწოდა და სალიმ ლოყაზე აკოცა, მერე გაწითლდა და ორი დღე ხმას არ სცემდა. ბაღის სიყვარული ბაღის დამთავრებას გაჰყვა თან.
      ღიმილი... ღიმილნარევი მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით.


III

       სკოლის წლები... სკოლის თუ სკოლების? ექვსი სკოლა გამოიცვალა, ჰმ, სულ რაღაც ექვსი. პირველი ორი შორს იყო და ყოველთვის აგვიანდებოდა, ამიტომ მათი პრესტიჟულობის მიუხედავად, დათმობა მოუწია დედას. მესამე სკოლაში სიყვარული ეწვია, ჰო, სიყვარულს მაშინ ეძახდნენ, თორემ ბავშვური ცანცარი იყო და მეტი არაფერი. ეგეთები შემდეგ სკოლებშიც არ აკლდა.
  ბოლო სკოლა... ტკბილმწარე მოგონებები... მოგონებები ლამაზად გარემონტებულ სკოლის შენობაზე, კლასელებზე, ზოგიერთ მასწავლებელზე, სკოლის გიჟობებზე, შატალოებზე, საუკეთესო დაქალზე და... მასზე, მასზე სამუდამოდ...
ღიმილი... ღიმილნარევი მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით.


IV

     მამა... ჰო, მამა... ხან კარგი მოგონებები, ხან კი ჯობია სულ არ ჰქონდეს ასეთი. ეჭვიანობა დედაზე, სალიზე, ელენიკოზე, ყველაზე და ყველაფერზე, ეჭვიანობა პათოლოგიაში გადასული. თეფშების მტვრევა და დედის ცრემლები. სალის თვალებში ბრაზი და სიძულვილი, შეკუმშული მუშტები და უღონო, ცრემლიანი თვალები. მამის საყვარელი... ჩხუბი... განშორება... მამა უცხოეთში, საფრანგეთში... არანაირი ამბები მასზე და არც სურვილი რაიმეს გაგების.
      დედაც უცხოეთში სამუშაოდ, ბებიასთან ერთად, ამერიკაში... ვითომ საოცნებო ქვეყანა (ირონიული ჩაცინება ესმის საკუთარი თავის). ის და ელენიკო მარტო, დედის გაუთხოვარ დაქალს მიბარებულები.
      ჰო, ხანდახან არც ღიმილი და არც ღიმილნარევი მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით.
        გონებაში ისევ სკოლის ამბები იხატება, კადრები ერთმანეთს ცვლიან და ჭინკებივით ერთად ფერხულში ებმებიან. ბევრია ამდენი მოგონება ერთდროულად. სალომე ჰამაკიდან დგება, სიგარეტს აბოლებს თვალებმოჭუტული მზერით, იქვე, გაციებულ ყავას წრუპავს და სახლში შედის. რამდენი უფიქრია დღეს, გზიდან დაიწყო ფიქრი და ჰამაკამდე როგორ მოვიდა აღარც ახსოვდა.


V

   დილიდან სამსახურში... ტანსაცმლის სექციების მოწესრიგება, პრეტენზიულ კლიენტებთან დამქანცვველი საუბარი, სხვა კონსულტანტებზე მეთვალყურეობა და შენიშვნების მიცემა... შესვენებაზე ქუჩის მეორე მხარეს გადარბენა კაფეში და ყავასთან ნამცხვრის დაგემოვნება, მერე სიგარეტის სასიამოვნო, გამაბრუებელი სურნელის ცხვირში ღიტინი და წამოშლილი მოგონებები...
       "ის" სკოლაში გაიცნო... რიგით მეექვსე სკოლაში. თითქოს ბედისწერა იყო... თავიდან არ უნდოდა აქ გადმოსვლა, "ძველი სიყვარული" (ჰმ, ვითომ სიყვარული, მანამდე რომ ეგონა) სწავლობდა და არ უნდოდა ყოველდღე მას შეხვედროდა, ძლივს მოიშორა თავიდან.
     ერთ ჩვეულებრივ დღეს სალი სკოლის დერეფანში მოდიოდა ჩაფიქრებული, უკვე დაგვიანეობდა და აზრი აღარ ჰქონდა სირბილს. თანაც, მაინცდამაინც დღეს ჩაეცვა ქუსლებზე, ნანიკოს შეჰპირდა ახალ ფეხსაცმელს გაჩვენებო და ქუსლებზე ამხედრებული ნელა მოუყვებოდა დერეფანს. უცებ ფეხი გადაუბრუნდა, თავი ვერ შეიმაგრა და ძირს გაიშხლართა. გვერდი ეტკინა, საჯდომიც, თუმცა ყველაზე მეტად ის აწუხებდა, ვინმემ ხომ არ დაინახა. ის იყო, დერეფანს თვალი მიმოავლო და გულიც უნდა დაემშვიდებინა, რომ ვიღაცის ხმა მოესმა ზურგიდან:
        - ხომ არ დაგეხმარო?
    - იყოს, მადლობა, თავად ავდგები, - მკაცრი ტონით ნათქვამი გამოუვიდა. "ახლა მოუნდა გამოჩენა? მოსდებს მთელ სკოლას ალბათ" - გაიფიქრა ნირწამხდარმა.
        - კარგი, როგორც გინდა, - მიუგო ბიჭმაც უდარდელად და სტვენით განაგრძო გზა.
  "- ჰმ, თავხედი, არც კი დამეხმარა წამოდგომაში" - გაიფიქრა სალიმ, უფრო გაკვირვებულმა, ვიდრე გაბრაზებულმა, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა... ჰმ, ბიჭები ხომ მის ფეხქვეშ ეგებოდნენ, მისი სურვილის ასრულებაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. "ნეტა ვინაა?" - გააყოლა თვალი და ძირს დაგდებული ჩანთა ხელში აიღო, გაკვეთილზე აღარ შესულა.
    შესვენებაზე ნანიკოს ყველაფერი დეტალურად მოუყვა და დაქალებმა გადაწყვიტეს დაედგინათ "თავხედი ბიჭის" ვინაობა. მათზე ორი წლით უფროსი აღმოჩნდა, კახა ერქვა, ძირითადად კახის ეძახდნენ. ეს იყო და ეს, მეტი ვერაფერი გაარკვიეს. როგორც ჩანს დიდი აქტიურობით (ან ცუდისკენ, ან კარგისკენ) კახა არ გამოირჩეოდა, თორემ სალის მახვილ სმენას და ცნობისმოყვარეობას რა დაუდგებოდა წინ.
      კახა თვითონ გაეცნო ერთ დღესაც. სასადილო გადავსებულიყო სკოლის შესვენებაზე. კახა სალის და ნანიკოს მაგიდას მოუახლოვდა:
      - შეიძლება აქ დავჯდე, გოგოებო, ხელს თუ არ შეგიშლით?
      - სხვაგან მაინც არაა ადგილი, - ჩაილაპარაკა თავისთვის ნანიკომ.
      - თუ ხელს გიშლით, წავალ მე.
      - არა, შეგიძლია დაჯდე, ხელს არ გვიშლი, - სალიმ ფეხზე უბწკინა ნანიკოს.
      - გამარჯობა, მე კახა მქვია.
      - მე სალი ვარ, ეს ნანიკოა. სასიამოვნოა კახა.
      - ჩემთვისაც.
      ეს იყო და ეს.
    მესამედ უკვე მარის დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს. სალი სულაც არ იყო მარის ახლო მეგობარი, საერთოდაც გამარჯობასაც იშვიათად ეუბნებოდა, მაგრამ სიამოვნებით მიიღო მისი მიპატიჟება, რადგან იცოდა, კახაც მოვიდოდა ბიძაშვილის დაბადების დღეზე.
    კახა იმ დღეს ძალიან გვიან მოვიდა, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, თუმცა შავგვრემან სახეზე იმდენად არ ეტყობოდა. კახა ნასვამიც იყო აშკარად. ყველა გარს შემოხვეოდა და ერთმანეთს არ აცლიდნენ კითხვების დასმას, ის კი იღიმოდა და სალის არ აშორებდა თვალს. სალი ამ დროს ოთახის კუთხეში, ფანჯარასთან იდგა და გაოცებული სახით უყურებდა კახას "გალამაზებულ" სახეს. იდგნენ ორივე ოთახის სხვადასხვა კუთხეში და თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს. ეს იყო უსიტყვო, ფარული ომი, ომი შავი და თაფლისფერი თვალების, რაღაცა დიადის დასაწყისი...
       და დაიწყო ბედნიერების ხანა სალის ცხოვრებაში. რომ დაფიქრდეს, ასე ბედნიერი ფაქტიურად არც არასდროს ყოფილა, როგორც მაშინ. ის და კახა ერთად იყვნენ, ჰო, უკვე შეყვარებულები ერქვათ. სკოლის დერეფანსა თუ ეზოში უკვე ყველას დასანახადაც ერთად დადიოდნენ, თუმცა მოსაჩვენებლად ვითომ არ იმჩნევდნენ, ვითომ რცხვენოდათ კიდეც, თუმცა ყველამ ყველაფერი იცოდა და ეშმაკური ღიმილით სკოლის მოსწავლეები თუ მასწავლებლები თვალს ააყოლ-ჩააყოლებდნენ ხოლმე მიმავლებს.
       სალიმ მოგვიანებით გაიგო, რომ კახას ჩალურჯებული თვალი, დაბადების დღეზე, სწორედ მას უკავშირდებოდა. მის გამო გალახა თურმე არამკითხე მოამბეები, რომლებიც უაზროდ ხუმრობდნენ სალის ერთ-ერთ თამამ ჩაცმულობაზე.
      ტკბილი და უტკბილესი მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით.
      - უკაცრავად, გაქვთ ამ კაბის ყველაზე პატარა ზომა? აქ ყველა ისეთი უზარმაზარი ზომისაა, ჩემნაირ გამხდრებს არ უნდა ითვალისწინებდეთ? - უცებ გამოაფხიზლა კიდევ ერთი პრეტენზიული კლიენტის შემოსვლამ სალი და საქმეს მიუბრუნდა.


VI

    საღამოს ნანიკომ გამოუარა და ერთად წავიდნენ კაფეში. წყნარი მუსიკა, ყავის სურნელი, სალიმ სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჩანთიდან და ნანიკოს მჟავე სახეც მყისვე შერჩა ხელთ:
      - შენ ისევ ვერ გადაგაჩვიე, მომკლა რა ამ კვამლით, რაღა შენ მოგიწევია და რაღა მე. პასიური მწეველებიც ადრე კვდებიან, იცი? მე მაინც გამიფრთხილდი რა, შემიცოდე.
       სალიმ პასუხად მხოლოდ ჩაიღიმა. მთელი ცხოვრება შეჩვეული იყო ნანიკოს ასეთ და უარეს წუწუნსაც, მით უმეტეს როცა საქმე სიგარეტს ეხებოდა. ახლაც კი სიცილს ვერ იკავებს იმ ამბის გახსენებისას, თუ როგორ დაშორდა ნანიკო შეყვარებულს, როცა გაიგო, რომ პირობის მიუხედავად სიგარეტი მაინც მოუწევია. ეჰ, ნანიკო, ნანიკო...
     - დღეს ისევ ის გამახსენდა, - დაარღვია სალიმ ნანიკოს წუწუნის კორიანტელივით წამოშლილი სიტყვების მძივი.
        - ახალი ამბავი, - ნანიკოს ჯერ გაბრაზება არ ჰქონდა გადავლილი.
        - ოოო, კარგი რა, ნუ იკბინები. გამახსენდა მეტი ხომ არაფერი?
        - მეტი რაღა უნდა იყოს, გამაგებინე ერთი, საერთოდაც რატომ ირთულებ ცხოვრებას?
    - კარგი რა, ყველაფერს ძალიან რატომ უკირკიტდები? მოგონებების უფლებაც არ მაქვს?
        - მხოლოდ ისეთი მოგონებების, რომლებიც არ გატკენენ გულს.
        - რა მკაცრი ხარ მოკლედ. მე ის მენატრება ნანიკო, ძალიან მენატრება.
     - წარსულს მისტირი და მეც რით გიშველო უკვე აღარ ვიცი. როდემდე დაიტანჯავ თავს? ისე, მე ხვალ მივლინებაში მივფრინავ და კარგა ხანს ვერ გნახავ. გამაცილებ აეროპორტში ხვალ საღამოს ?
       - ადრე გამოვალ სამსახურიდან და მოგისწრებ წასვლამდე.
      ნანიკოსთან დამშვიდობების მერე სახლისკენ გაეშურა. მისვლისთანავე ჩაეძინა ტანზე გაუხდელად.


VII

     სიზმარი... სიზმრისეული მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით...
     სიზმრის ბუნდოვანება ნელ-ნელა სიცხადეს იძენს და უკვე აშკარად იკვეთება კახას სახე. ის და კახა მიაბიჯებენ გაუკვალავ თოვლში. ღამეა, მთვარე თითქოს მთელ ცაზეა გადაწოლილი და სიკაშკაშით მზეს ცდილობსო გეგონება გასწრებას. "მთვარის შუქზე თოვლი მართლა იისფერი ყოფილა" - სალის თავისი ფიქრი აღარც კი ესმის, ისე უცემს გული. რისგან? თვითონაც არ იცის.
     ისინი მიდიან გრძელ, დათოვლილ გზაზე, კიდევ ბარდნის... სალის თმები თოვლის ფიფქებს გადაუპენტავთ თეთრად. ირგვლივ ცივა, ძალიან ცივა, ალბათ სალისაც სცივა, მაგრამ ვერ გრძნობს რატომღაც. ხელები გაჰყინვია ბოლომდე, ვერც ამას გრძნობს რატომღაც. კახა ხელს ხვევს მხარზე და თავისკენ იზიდავს.
    "რა საოცარი სითბო მოდის მისგან, რა თბილია" - ფიქრობს სალი და ნელ-ნელა ეხუტება თვითონაც ბიჭს. ერთმანეთის სუნთქვას გრძნობენ უკვე, ერთმანეთის გულის ძგერას ითვლიან. თოვლი ისევ ბარდნის, ბარდნის მოურიდებლად, შეყვარებული წყვილის თოვლად ქცევას ლამობსო თითქოს. უკვე ჭირს გზის გაკვალვა. სალის ფეხი ეფლობა თოვლში (ან იქნებ თოვლი ცდილობს ეშმაკობას?) და წაიბორძიკებს. კახა ხელს აშველებს. ისინი ერთმანეთის პირისპირ დგანან, არცერთის სუნთქვა აღარ ისმის. სუნთქვა კი არა, თოვლის ფიფქებიც ჰაერში გაშეშებულან თითქოს, ცნობისმოყვარეობა ვეღარ დაუმალავთ, მიწაზე დაშვებას ხომ მერეც მოასწრებენ, ეხლა კი... ნეტა რა ხდება ამ ორის გულში? რატომ დასცხათ თოვლის ფიფქებს და რატომ დნებიან თითქოს? წყვილის გულების მხურვალებას ვერ უძლებენ შეიძლება. კახა სალისკენ იხრება და ყელზე კოცნის ნაზად, სალის ლოყები ცივი აქვს, ცივი, გაყინული. ბიჭი ორივე ხელით მის სახეს თავისკენ იზიდავს და ნაზად კოცნის სალის ათრთოლებულ ტუჩებზე. ფანტელებმა შვებით ამოისუნთქეს, "ახლა სიკვდილიც საამურია" - ფიქრობენ თითქოს და ეფინებიან დათოვლილ მიწას. სალის სახეზე ცრემლი უბრწყინავს, ესაა სიხარულის, სიმორცხვის, ბედნიერების, უსაზღვრო სიყვარულის ნიშანი. მორჩა, თოვლი უყვარს ახლა სიცოცხლეზე მეტად, თოვლი უკვე მისი და კახას პირველი კოცნის სიმბოლოა, მათი სიყვარულის ასე გაცხადების პირველი მოწმე.
      თოვლში კახას სახე ისევ ბუნდოვანდება, თითქოს ნამქერი ფარავს. სიზმარი სახეს იცვლის და სალის თვალწინ ნელ-ნელა იკვეთება აეროპორტის გარემო. ხალხი ირევა, ირგვლივ ხმაურია. სალი გარბის წინ, ხალხში ცდილობს გზის გაკვალვას, გული საშინლად უცემს, სირბილისგან დაღლილს ერთი ფიქრი უსერავს გულს: "რომ ვეღარ მიუსწროს, რომ ვეღარ ნახოს ან ის რომ ვეღარ..." ამ ფიქრს დასრულება არ უწერია, არა, ეს ბოლო ფრაზა სალის გულში დასრულებას არასდროს ჰპოვებს, ამას ჯობია გულმა უარი თქვას გულობაზე და გაჩერდეს. სალის უკვე ჰგონია, რომ საკუთარი გულისცემა მარტო თვითონ კი არა, მთელ აეროპორტს ესმის, მაგრამ სრულებით არ ანაღვლებს, ოღონდ ის ნახოს, მისი ხმა...
        ს ა ლ ი! - სადღაც შორიდან, მაგრამ თითქოს მისი გულიდან, მოესმა ხმა, რისთვისაც ამ წამს ყველაფერს გააკეთებდა, მთელ აეროპორტს დაჩოქილი შემოივლიდა თუნდაც. ს-ა-ლ-ი - ეს ბგერები ჰაერში დაიშალა და გაიფანტა, მერე ისევ შეერთდა და ასე ათასჯერ განმეორდა დროის იმ უმცირეს მონაკვეთში, ყოველ შემთხვევაში ასე ეგონა სალის.
     ზურგზე ნაზი შეხება იგრძნო და მისი სხეულის ყველა უჯრედი სითბოთი აივსო. ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. გულმა მოძებნა საგულე და მშვიდად მოიკალათა, ჩვეული რიტმით განაგრძო ფეთქვა.
      სალი საყვარელ ადამიანს ჩახუტებოდა და გარშემო ვეღარაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა. მხოლოდ მისით იყო შეპყრობილი, თითქოს გრძნეულს მოეჯადოებინოს.
      კახას უაზრო აჩემება, ძმაკაცების ხათრის ვერ გატეხვა თუ უაზრო პატრიოტიზმი... რაც გინდა ის დაერქვას ამას, სალისთვის განა ჰქონდა რომელიმე ამ მიზეზს გამართლება? ბუნდოვან მომავალზე ბუნდოვანი ფიქრი, ფიქრი შიშნარევი თუ მხოლოდ დიდთვალება შიში ფიქრის საბურველში გახვეული... საშინელი წინათგრძნობა, გულისგამჭვალავი და სისხლძარღვებში სისხლისგამყინველი... ყურებს ვერ პატიობს იმ სიტყვების გაგონებას, თითქოს ისინი ყოფილიყვნენ მთავარი დამნაშავენი:
      - "სალი, მე ორ კვირაში ავღანეთში მივდივარ, კონტრაქტით, ვიცი შენ გამიგებ, ხომ გესმის უნდა გამიგო, სახლში ყველა წინააღმდეგია, თითქმის აღარ მელაპარაკებიან, შენ ერთადერთი ხარ, ვინც უსიტყვოდ გამიგებს, ხომ ასეა, სალი?"
       "არაააააა! არ მესმის, ვერ გაგიგებ, მოღალატევ, როგორ გაპატიებ, უშენოდ მოვკვდები, შენ ჩემი ხარ, ავღანეთს კი არა სამყაროს წავართმევ შენ თავს, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი, ვერა, ვერ გაპატიებ, არააა, არ გაგიგებ, უბრალოდ არ ძალმიძს" - ეს სიტყვები მხოლოდ გულის ტკივილიანი ფეთქვა იყო, სულის კივილი, სიტყვები კი, რომელიც მის მთრთოლვარე ტუჩებს მოწყდა, ასე ჟღერდა: - კახი, მე დაგელოდები, მიყვარხარ...
      ყელს მომდგარი გაჩხერილი ბურთი, ცრემლები თვალებზე შეყოვნებული, სატირლად გამზადებული და უკანმოუხედავი გაქცევა. კახას არ უნახავს მისი ატირებული სახე, თორემ იქნებ გადაეფიქრა წასვლა. მერე ორ დღიანი შიმშილი და გამორთული ტელეფონი... მაინც მოვიდა აეროპორტში, გასაცილებლად. ან კი როგორ არ მოვიდოდა? ბოლო წუთები და დამშვიდობება, უკანასკნელი კოცნა წასვლამდე თუ? ღმერთო არც აფიქრებინო ცუდი...
    უკან დაბრუნება და გამკრთალი ძილი, თავსდათენებული ღამე და წუთიერი ჩაძინება...
      ირგვლივ სიჩუმე და გადამწვარი მინდორი, უეცარი გრუხუნი და შუაზე გადაპობილი ტანკი, ნაცნობი ხმა, კვნესა... სისხლი... მირბის გადამწვარ მინდორში, გარშემო ცეცხლმოდებული ბალახი შიშველ ფეხებს სწვავს სალის, მაგრამ წინ მიიწევს მაინც, კახი, ღმერთო, ეს კახია და ის უკვე აღარ სუნთქავს, სისხლს დაუფარავს მისი სახე...
     გულგახეთქილი გამოღვიძება... ჰმ, სიზმარი სიზმარში, ესღა მაკლდა, - გაიფიქრა სალიმ და საათს გადახედა, ჯერ ისევ ღამეა და სამსახურში წასვლამდე დიდი დროა დარჩენილი. სიგარეტის მოსაწევად ადგომა დაეზარა, არადა ამ კოშმარს გადახარშვა ხომ უნდოდა. ნანიკოსაც ვერ დაურეკავს ამ შუაღამეს, თანაც ხვალ იმდენი საქმე აქვს იმასაც, სანამ გაფრინდება. ფიქრმა გაიტაცა და ამასობაში კიდეც ჩაეძინა. დილამდე სხვა სიზმარი აღარ უნახავს.


VIII

        საღამოს ადრე გამოვიდა სამსახურიდან და პირდაპირ ნანიკოსთან შეიარა.
        - ადრე მოვედი, ნანუ, ბარგის ჩალაგებაში რომ მოგეხმარო.
        - უკვე ჩავალაგე, ერთი ზურგჩანთა მაქვს, ბევრი არაფერი, ხომ მიცნობ.
     - ჰმ, აბაა, როგორ დამავიწყდა რომ შენ რამის წაღებას თუ გადაწყვეტდი, საერთოდ გუდვილის პარკში ჩაგელაგებინა, ჰა, ჰა, ჰა.
   - იცინე რამდენიც გინდა, საქმეზე მივდივარ, ასე რომ ტანსაცმლის ათასჯერ გამოცვლისათვის დროც არ მექნება, შესაბამისად, რატომ დავიტვირთო ტყუილად თავი?
    - ყველაფერში რაციონალურად და პრაგმატულად როგორ უნდა აზროვნებდე? კაი, როგორც გინდა.
    აეროპორტში წასვლამდე ყავის დალევა და ჩვეული საუბარი, საუბარი არაფერზე და უმიზნოდ, უბრალოდ საუბარი საუბრისათვის, დროის გასაყვანად.
  აეროპორტიდან გვიან დაბრუნდა. სავარძელში ჩაესვენა მარტინით ხელში და ფანჯარაში ძლივს დატეულ სავსე მთავრეს მიაშტერდა. რა საოცარი მთვარე იყო ამ ღამეს, როგორ საოცრად აბრდღვიალებული ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.
        "მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
         და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით...."
წაიღიღინა ლექსის სტრიქონები ღიმილით და მთვარეს თვალი გაუსწორა.
     მთვარე... მთვარისეული მოგონებები... საათის ისრები უკან ტრიალებს, ტრიალებს საოცარი სისწრაფით...
   ღამეა... ცაზე ვარსკვლავები ამოკიაფებულან და ღრუბლებიდან დროდადრო დაჩაგრული მთვარეც ცალ თვალს თუ გამოაჭყიტებს და გადმოხედავს ძვირფას დედამიწას. ზაფხულის თბილი ღამეა, მაგრამ სალის მაინც სცივა რატომღაც. მწვანეში ჩაფლულ ეზოში ბალახზე წამომჯდარა ბუდას პოზაში და გულში წერილები ჩაუხუტებია. ვინ იცის მერამდენედ კითხულობს თითოეულ მათგანს. ჯერ მხოლოდ სამი თვე გავიდა, სამი უსაშველოდ გაწელილი თვე, სამი თვე სამ წელიწადად ქცეული თითქოს... ღმერთო, კიდევ რამდენი დარჩა, რამდენი ცრემლიანი ღამე და მთვარისათვის განდობილი დარდი.
      "ძვირფასო სალი, გწერ ძალიან შორიდან, ამაზე შორი მგონი უკვე აღარ არსებობს. ახლა ღამეა, თითქოს სიმშვიდე, მაგრამ აქ ასეთ სიმშვიდეს უფრო შიშის ფერი დაჰკრავს, ყოველ წამს მოლოდინია ახალი თავდასხმის, ამიტომ ფხიზლად ვართ. ამიტომაცაა რომ თითქმის შევისწავლე ავღანეთის ცაზე ვარსკვლავების განლაგება. შენ მაძლებინებ, შენზე ფიქრი მითბობს გულს და მშვიდად ვარ. ჩემი სიმშვიდეც უერთდება ამ ღამისეულ რეალურ თუ მოჩვენებით სიმშვიდეს. ახლა ალბათ გძინავს, ან იქნებ არც გძინავს, იქნებ შენც ჩემსავით ვარსკვლავიან ცას უყურებ, ჰო, ასე იქნება და შენც უეჭველი ჩემზე ფიქრობ. ასე მინდა რომ იყოს, ხო, გითხარი შენზე ფიქრი მაძლებინებს-თქო და შენც რომ ჩემზე არ ფიქრობდე მე აქ ალბათ ამას ვიგრძნობ და მოვკვდები. 
         ვარსკვლავებით გადაპენტილ ცას ვუყურებ-თქო გითხარი და ის დამავიწყდა მეთქვა, რომ ერთ ვარსკვლავს შენი სახელი დავარქვი. ფეხზე მკიდია რა დაარქვეს მეცნიერებმა ამ ციმციმას, იმიტომ რომ მას ახლა უკვე სალი ჰქვია ჩემთვის, შენ გგავს საოცრად, შენსავით ნაზია და ზოგჯერ ძნელი მისი შემჩნევა. როცა მას ვხედავ ცაზე, ვიცი რომ იმ ღამით არაფერი მოხდება, თითქოს შენ მიცავდე. ერთ ღამეს ცა ღრუბლებით იყო დაფარული. დიდხანს, ძალიან დიდხანს ველოდი რომ "შენ" გამოჩნდებოდი, მერე გულმა ცუდი მიგრძნო, ხომ იცი ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ომი ბევრ რამეს ცვლის ადამიანში, ჰოდა, ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამცრუებია. იმ ღამით განხორციელებულ თავდასხმას ჩემი მეგობრის სიცოცხლე ლამის შეეწირა, მძიმედაა დაჭრილი, მაგრამ მთავარია,  გადარჩა. ასე რომ, შენ მანდ ანათებ როგორც შორეული იმედი ჩემი და აქ შენი ვარსკვლავი - როგორც ყველა ჩვენგანის იმედი და ანგელოზი. თუ ვღადაობდე შენ თავს ვფიცავარ! მიყვარხარ და გკოცნი ბევრს ყელზე და ტუჩის კუთხეში". 
       სალი ცისკენ იხედება, "თავის ვარსკვლავს" ეძებს, ჰგონია თითქოს თუ იპოვის მეტ ნათებასა და ძალას შემატებს, რომ უფრო იკაშკაშოს და კახიმ შეძლოს ადვილად მოძებნა "ღამის იმედის". 
         "- ნეტა კახა რომელი ვარსკვლავია? იქნებ ის, აი იმ პატარა ციმციმა (ეს ალბათ მე ვარ, კახის "იმედი") ვარსკვლავისაგან ძალიან შორს რომ მოჩანს და თითქოს თავისი ძლიერი ნათებით ცდილობს მიიქციოს "სალის" ყურადღება. 
     სალის ხელები ამოუდია თავქვეშ და ბალახზე გადაწოლილი შეჰყურებს ვარსკვლავიან ცას. ცა უეცრად იფარება რუხი ღრუბლებით...
მარტინის ჭიქა ისევ ხელში ეჭირა, თითქოს ეძინა და თან არც ეძინა, სავარძელში ჩასვენებული და თაფლივით ტკბილ და ამავე დროს მწველ მოგონებებში წასული მობილურის უეცარმა ზარმა გამოაღვიძა. ისევ ის ბიზნესმენი იყო, ბოლო ექვსი თვეა რომ მოსვენებას არ აძლევს არც სალის და არც მის მობილურს. ზრდილობის გამო მაინც უპასუხა, შეეცადა საუბრის დროსაც არ ყოფილიყო უკმეხი.
      
- მოგეწონა სალი ჩემი გამოგზავნილი ვარდები? 
- მადლობა, საერთოდ მომწონს ყველა ყვავილი, თუმცა ასე შეწუხება არაა საჭირო.
- შენთვის სიამოვნების მონიჭება ჩემი ბედნიერებაა სალი, როგორ მინდა რომ ამაში დაგარწმუნო.
- ბაჩო, ჩვენ მგონი შევთანხმდით, რომ მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობებს შევინარჩუნებდით და არ დაგავიწყდეს ხოლმე ეს. თორემ მომიწევს შენს ზარებს აღარ ვუპასუხო. არც კვირაში ორჯერ ძვირადღირებული სუნამოების ყიდვაა აუცილებელი.
- ვერ დაგეთანხმები სალი, მეგობრობა სულაც არ გამორიცხავს საჩუქრების ყიდვას.

დიდხანს აღარ გაუგრძელებიათ საუბარი. ბაჩომ თავისი მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალის გახსნაზე და ღვინის ახალი ბრენდის დაგემოვნებაზე დაპატიჟა სალი და მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ დაემშვიდობა.
ცაზე ვარსკვლავები ისევ ანათებდნენ, მაგრამ მოგონებები სადღაც გაიფანტა, ფიქრთა ჯაჭვი ვეღარ გააგრძელა სალიმ. ცოტა არ იყოს ამის გამო ბაჩოზე გაბრაზდა და ცივი შხაპის გადავლების შემდეგ დასაძინებლად გაემართა. 






(გაგრძელება იქნება)


No comments:

Post a Comment