სახეალეწილი წვიმის წვეთები ეხეთქება დედამიწას და იშლება ნაწილებად, ნაწილაკებად, მოლეკულებად. ჯერ ნიაღვარი არაა და იჟონება დედამიწის სიღრმეში. გარეთ ვზივარ და წვიმის ხმის გარდა არაფერი ისმის. ხის ფოთლებზე, სახლის სახურავებზე, ფანჯრების რაფაზე, ყველგან წვიმის წვეთები დათარეშობენ. შიგადაშიგ ნიავიც წამოუბერავს და თითქოს წვიმაც უფრო მეტი მონდომებით მოდის, არ მაჯობოსო ქარმა.
მიწა უკვე საგრძნობლად გადასველდა და ჰაერშიც წვიმის სუნი იგრძნობა. საღამოა. წესით მზეს ახლა რა უნდა, მაგრამ ჩუმად იჭყიტება ღრუბლებიდან, "მზე პირს იბანსო" - ხომ ამბობენ. მიყვარს ასეთი ამინდი. მზიანი წვიმის მერე ცისარტყელა იცის ხოლმე და მეც პატარა ბავშვივით მიხარია მისი დანახვა.
ქუხს (ქუხილის მეშინია), თან ისე ძლიერად, რომ გეჩვენება თითქოს ღრუბლები ჯარისკაცებად დაირაზმნენ და საომრად გამზადებულანო, ომი გაუმართავთო.
ცოტა სიგრილეა, მაგრამ გაზაფხულის წვიმა მაინც სხვანაირად მიყვარს, რაღაცნაირია, მხიარული, ცელქი, მსუბუქი, უფრო სანგვინიკი და ზამთრის მელანქოლიურ წვიმას არაფრით არ ჰგავს.
წვიმამ მოუკლო. თითქოს წეღანდელმა სიბრაზემ გადაუარაო. წვიმის წვეთებიც ისეთი დიდები აღარ არიან და უკვე მორიდებით ეცემიან მიწას. მგონი ღრუბლები ძალას იკრებენ, რომ ახალი ენერგიით მეტი სიმძაფრე შემატონ ლაზათიან გაზაფხულის წვიმას.
ასეთ ამინდს შაშვის გალობა უხდება, შემიმჩნევია წვიმის მერე ხშირად გალობს ხოლმე. ეტყობა მასაც მოსწონს შხაპუნა წვიმა და გალობით მადლობას უძღვნის. ვზივარ ეზოში და უკვე შაშვის გალობას ველოდები. ცისარტყელა არ გამოჩენილა...
2012წ.
No comments:
Post a Comment