მე ბლოგის მიღმა📝


ღამეა. გარეთ გავედი და ცოტა ხანში სიცივისგან წელში მოხრილი და სახეგაყინული უკან შემობრუნებას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად ცას შევხედე. ცა იყო აი რაღაცნაირი მუქი იისფერი, ისეთი, ლუშერის ტესტში რომაა და მთლად იისფერს რომ ვერ დაარქმევ. ჰოდა, ამ გაურკვეველი ფერის ცაზე ჩემი ყურადღება, კი არა და მზერა მიიპყრო მთვარემ. შევხედე და გამეცინა. მხოლოდ ლოგიკურად მივხვდი, რომ მთვარე უნდა ყოფილიყო. არადა მართლა ისეთი ფორმა ჰქონდა, ჰმ, თავიდან საზამთროს მოჭრილ ნაჭერს მივამსგავსე, ჰოდა საზამთრო მომინდა (ისე ზამთარია და სახელის გამო საზამთრო ზამთარში რატომ არაა? ბავშვობიდან მაინტერესებდა :D). მაგრამ მერე ფერმა დამაეჭვა და გავიფიქრე, რომ სამწუხაროდ საზამთრო არ იყო. უცებ ლიმონის ნაჭერი გამახსენდა, დედას რომ მოაქვს ხოლმე ჩაისთვის, არომატის მისაცემად. კი ლიმონს უფრო ჰგავდა, ამაზეც გამეცინა. მთვარე ალბათ მიხვდა, რომ მას დავცინოდი და წარბშეკრულმა ღრუბელი ჩამოიფარა მცირე ხნით, სულ დაიმალა. ლამის ხელი დავუქნიე შემირიგდითქო მინდოდა მეთქვა. მერე ალბათ მასაც გადაუარა წყენამ და ღრუბელი გაუშვა. კი ეს მთვარე იყო, ნამდვილად მთვარე, უბრალოდ ზამთრის ყინვიან ღამეში გალეული და განახევრებული, მაგრამ მაინც ამაყად აელვარებული და ყვითლად აბრდღვიალებული ლუშერისეულ იისფერ ცაზე.

No comments:

Post a Comment