Saturday, March 22, 2014

ნუ შემიბრალებთ!

ნუ შემიბრალებთ,
ნიშნისგებით თითს ნუ მომიშვერთ,
ნუ უჩურჩულებთ ერთმანეთსაც
 ჩემზე ნიშნებით.
დაე, მეტკინოს ისევ გული,
სულ გაიბზაროს,
ნუ შემიბრალებთ,
თქვენ ოღონდაც არ შემიბრალოთ.
სულ დაისეროს ეს გული და
თუნდ მოეყაროს ირონიის თქვენი წილი
ზედ გემოვნებით,
არ შემიბრალოთ,
გევედრებით ნუ შემიბრალებთ.
მე ძლიერი ვარ,
გადავიტან ამ დაცემასაც,
მე კვლავ აღვსდგები,
ძალებს მოვიკრებ და
ფენიქსივით კვლავ განვახლდები,
ოღონდ მადროვეთ,
ამ ეტაპზე ნუ შემიბრალებთ.
მე ამაყი ვარ,
თქვენი სიბრალულით
გულს უფრო მატკენთ.
დროს ვითხოვ მხოლოდ,
რომ ისევ შევძლო
ამ დაცემიდან ფეხზე ადგომა.
ჰო, პატიების უნარიც მინდა
რომ ვაპატიო...
და მერე შევძლებ ჩემი სახის
კვლავ დაბრუნებას.
ბრბოვ, მხოლოდ ერთხელ
უარი უთხარ შენს ჩვეულებას,
თითს ნუ მოიშვერ ჩემკენ
შენი ჩვეული მზერით,
ეს სიბრალული ზედმეტია,
მე არ მჭირდება.
მე ძლიერი ვარ
შევძლებ ამის დავიწყებასაც.
27.02.14

Wednesday, March 19, 2014

მუზა

მე ლექსებს ვწერ, ჩავიკარგე,
სტროფებს ვეღარ ვუყრი თავს.
მუზას ვერსად დავემალე,
სულ აღარ მანებებს თავს.
-ორი წუთით დამასვენე,
არაფერზე ვიფიქრო,-
ვეხვეწები ჩურჩულით და
თან მუხლებზე ვუჩოქებ.
-არა, ასე ვერ იქნება,
შენ რომ სულაც იტირო-
ამას მუზა მეუბნება
ნიშნისგებით, თვალჩაკვრით.
რახან უკვე აღარც თხოვნა,
აღარც ხვეწნა აღარ ჭრის,
ვჯდები ისევ მაგიდასთან,
სტრიქონებად ვიცლები.
მუზაც იქვე გვერდით მიზის,
ირონიით მომიგებს:
-ჩაი ხომ არ მოგართვაო,
ყავას ხომ არ მიირთმევ?


19.02.14

Tuesday, March 18, 2014

თვალები ცრემლით სავსე...




***
თვალები ცრემლით სავსე
და სხივჩამქრალი მზერა,
ისევ ფიქრები მასზე, დარდი-
რომ არ მოგწერა.
მაინც მის მხარეს იჭერ
მოუხმობ ფანტაზიას, 
სხვადასხვა ვარიანტით
ცდილობ მის გამართლებას:
იქნება რაღაც სჭირსო, 
იქნებ რა დაესენა.
კარგი რა, დაო, გეყოს
და ცრემლი შეიმშრალე,
ისე რა გაუჭირდა
რომ ერთი დაერეკა?
გიყურებ სევდით სავსეს,
მეც უკვე შიში მიპყრობს,
შენმა ცრემლის ზღვამ უცებ
ვაითუ მეც წამლეკოს.
მინდა გირჩიო რამე,
გითხრა რომ დროსთან ერთად
ტკივილიც გაქარწყლდება,
დრო დარდსაც თან წაიღებს, 
დროს ვერვინ მოერევა.
რატომ გგონია, კარგო,
შენს ცრემლად ვინმე ღირდეს?
აქეთ იტიროს იმან,
ვინც შენზე ფიქრებს ბედავს.
დამიჯერებდე მაინც,
ცრემლს შეიშრობდე ნეტავ,
შეეშვებოდე ეგებ
მაგ მელოდრამის ცქერას.
მე მხოლოდ ერთს გთხოვ, დაო,
ამ ერთხელ დამიჯერე,
რომ მერე შევძლოთ ერთად
ამ სევდიანი ღამის
ღიმილით გახსენება.
ჰო, დამიჯერე, მერე
ღიმილი მოგერევა
გაგახსენდება როცა 
მელოდრამების ცქერა, 
ყავის, ჩაის სმა ბევრი,
ან და დილამდე ჩვენი
ჩურჩულით საუბრები.
გთხოვ, დარდი დაასრულე,
მე ამას გევედრები!
17.03.14