Sunday, October 5, 2014

ორმაგ ელვასა და ქუხილში

გარეთ ახლა უკვე ძლიერ ჩამობნელდა,
გარეთ ახლა მხოლოდ ელვა-ქუხილია,
ცაზე ელვაც უკვე ვეღარ დაეტია.
რატომ არ მაღელვებს მე ამინდი ესე?
რატომ შფოთვა გულმა აღარ დაიტია?
ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან, შიგნით სულში
უფრო უარესი ჭექა-ქუხილია.
ამინდი არ ცხრება, ქუხილი მატულობს,
ელვამ, უსირცხვილომ, ცაც კი გაარღვია.
უკვე გული მიგრძნობს, ქუჩაშიც და სულშიც
მალე დაიწყება წვიმა დიდი თქეშით,
ამის დროა უკვე, ამის საათია.
როგორ ჩამობნელდა, ცაზე ბურუსია,
არა ვღელავ, მაგრამ თან არც მიხარია.
წვიმა გადაღებას თითქოს სულ არ გეგმავს,
ისევ ელვა ცაზე, ისევ ქუხილია.
აღარ გადაიღებს წვიმა საზიზღარი?
ჩემშიც ელვაა და ჩემშიც ქუხილია.
გარეთ ვიხედები გაფაციცებული,
ცისარტყელას მოვკრა ეგებ სადმე თვალი.
ბოლო გაბრძოლება, ბოლო ელვა ცაზე,
ქუხილმაც დატოვა თავის ბოლო კვალი.
წვიმამ იკლო უკვე. წვიმამ გადაიღო,
ჩემი სულის ელვაც ეგებ თან წაიღო.
ქუჩა ახლა უკვე წვიმის სურნელს აფრქვევს,
ჩემშიც უკვე სულ სხვა სულის ამინდია.

1.05.2014

No comments:

Post a Comment