Tuesday, October 14, 2014

ცვალებადობა

ჰო, შემოდგომის ფოთოლი ბოლოს
კვლავ შეიცვლება გაზაფხულს ახლით.
რა შეიცვლება და მერე ამით?
ტოტზე ახალი ფოთოლი მოვა,
თუმც მერე როცა მისი დროც მოვა
კვლავ დაუდგება მასც შემოდგომა,
დაჰბერავს მძლავრად ქარი ზვიადი,
თან გაიყოლებს ფოთოლს მოცელილს,
ერთ დროს მხრებგაშლილს, მწვანესა და
ტოტზე ამაყად მას მოშრიალეს.
რა არ იცვლება, რა რჩება მარად?
რომ მეც ვიწამო მარადისობა.
ფესვები რჩება, მათ ვერვინ შეცვლის,
მათ ადგილს ვერვინ ვერ დაიკავებს,
სულ გაუძლებენ დროთა სვლას და ჟამთა სიავეს.
ჰო, ამიტომაც იმედი ჩნდება, რომ ხე იდგება,
რომ ხე მარადჟამს, მუდამ იცოცხლებს!

13.10.2014; 13:02

Friday, October 10, 2014

მეზედმეტებით!

უკვე დილაა,
მზე ამოსულა, ზეცას ახარებს,
მე რა მახარებს?
არც არაფერი,
ჩემს გულში ისევ სევდა ხარხარებს.
გული თავისთვის
ხმამაღლა ყვირილს ისევ აგრძელებს:
მეზედმეტებით!
სამყაროვ, იქნება ერთი წამით
განხვიდე ჩემგან,
ხალხნო, ვინც კი ხართ
ჩემ გარშემო ამ სამყაროში,
ამ წუთას ყველა მეზედმეტებით.
გაირბენს წამი,
გაირბენს წუთი,
დრო შეიცვალოს იქნება ამით.
თან გაჰყვეს ეგებ სევდა მალული
და გულის ჭვალი.
დილა მზიანი,
დილა ხალასი,
სიცოცხლით სავსე დილის ნიავი
აგანთებს ბრძოლით, სიცოცხლის ნდომით,
მაგრამ რად გინდა,
ვინ გაცლის ტკბობას?
გარშემო ისევ ურიცხვი ბრბოა,
მეზედმეტებით,
მეზედმეტებით დღისით და ღამით,
ყოველი წამით მეზედმეტებით.
ცხოვრება მიდის და დრო არ ითმენს,
მოითხოვს შენგან ფერხულში ჩაბმას,
რომ ისევ აჰყვე შენ მასის როკვას.
არა, არ მინდა, განვცალკევდები,
მე ყველა მაინც მეზედმეტებით,
დავრჩები ჩემთვის
და გული ისევ განაგრძობს ყვირილს:
მეზედმეტებით!

10.10.2014; 11:37

Tuesday, October 7, 2014

:( :( :(

ეძღვნება უკეთილშობილესი ადამიანის ხსოვნას...

.....სიკვდილი... სიკვდილი... შემოვიდა, შემოფათურდა კარის ჯახუნით, უხეშად, ბინძურად. ან სხვანაირად კი როგორ შეეძლო. შემოხეტიალდა ისე, რომ სირცხვილიც არ უგრძვნია და თავისი საქმე გააკეთა. დატოვა ტკივილი, ძველი ტკბილი მოგონებები, ხსოვნა და წავიდა... თან გაიყოლა...
     გგონიათ ეს ეყო? გგონიათ ეს იკმარა? გაუმაძღარი და უგულო სიკვდილი... ისევ სცადა
სულში შეძრომა მის წასაყვანად, ისევ იქ, იგივე ოჯახში, ნეტავ რამ მიიზიდა? განა მისი ძალა პირველ ჯერზე საკმარისად არ აჩვენა? გადიდგულებული, გულზვიადი, დროის დაუხანებლად შეიძურწა და ცოტა ხანში მისი არსება ჩვეულმა სიამემ აავსო... სახლში საშინელი ღრიალის ხმა გაისმა, გაურკვეველი ყვირილი, ბრდღვინვა, ღმუილი ახლობლების... ეს იყო სულის ტკივილი. ჩაწყდა სადღაც ძაფი... მოულოდნელობა... სიზმარი... არარეალ
ობა... ყველაფერი ერთმანეთში აირია და ეს ყოველივე დილის მზის ამოსვლასთან ერთად დაემსგავსა რაღაც გაურკვეველ რძისფერ ნისლს, რასაც სიკვდილის სუნი უდიოდა.
  სული სხეულს დაჰყურებდა და ეძნელებოდა ამის დაჯერება. სიკვდილი მას გამარჯვებული სახით უმზერდა, ის არასდროს არავისთან დამარცხებულა, არც კი იცოდა რა იყო ეს განცდა - მარცხი, წაგება. კარგი რომ ყოფილიყო მისი ეს დაუმარცხებლობა, გმირი იქნებოდა უცილობლად.
      სული შეშინებული დაჰყურებდა ახლობლების წაშლილ სახეებს და თანაუგრძნობდა, თუმცა უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობდა, ფარფატებდა მოლივლივე სივრცეში. ცდილობდა ენუგეშებინა  დარჩენილი ახლობლები, მაგრამ მას ხომ ვერავინ დაინახავდა.   ყვირილმა დაარღვია სამეზობლოს მშვიდი ცხოვრება, უკვე მეორედ, ერთი მიმართულებით. ყველას ყურადღება იქით მიეპყრო. თუმცა ეს არ იყო ჩვეული ცნობისმოყვარეობა, როცა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უნდათ-ხოლმე. აქ იგრძნობოდა გულის ტკივილი, თანადგომა, წუხილი... შეჭმუხნილი შუბლები და სევდიანი თვალები...
  სულმა ცოტა ხანს მთელი სამეზობლო შემოიფარფატა, ყველა უკანასკნელად
შეათვალიერა. მერე ისევ სახლში შეიარა. მისი უსხეულო არსება ნაზად მიელამუნა ნიავის სახით სახლშიმყოფთაგან თითოეულს ლოყაზე და "მხრებჩამოყრილი" ამოუდგა სიკვდილს გვერდით... ორივენი გაუდგნენ გრძელ გზას... გვირაბის ბოლოს საყვარელი ადამიანი ელოდა... ღმერთო შეუნდე და დაუმკვიდრე სასუფეველი...

  2012წ.

Sunday, October 5, 2014

"ესეც გაივლის"...

ხომ შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე,
ფიქრებში ჩაიძირო,
უბრალოდ დადუმდე,
არ შეიმჩნიო გარშემო არავინ,
გულიც არ გეტკინოს იქნება შენ ამით.
სულ ყველას იგნორი,
ყველასთვის ნიღაბი,
შენ დარჩი ის ვინც ხარ,
ვინც ყოველთვის იყავი,
და გულს ნუ გაიტეხ
თუ ვინმე გულს გატკენს,
იცოდე ყოველთვის,
რომ "ესეც გაივლის".
ბოღმას და წყენას,
ბრაზს, გულისტკენას
დიდხანს ნუ გაივლებ,
გულში ნუ ჩაიდებ.
ამით არ დამძიმდე,
უბრალოდ გახსოვდეს -
ყოველი წყენის დროს,
ყოველი ტკენის დროს
ღრმად ამოისუნთქე,
გულს შვება მიეცი,
მაწყენარს ღიმილით
თვალებში ჩახედე,
შენც გაიღიმე და
ისიც გ ააღიმე.

14.02.2014

ორმაგ ელვასა და ქუხილში

გარეთ ახლა უკვე ძლიერ ჩამობნელდა,
გარეთ ახლა მხოლოდ ელვა-ქუხილია,
ცაზე ელვაც უკვე ვეღარ დაეტია.
რატომ არ მაღელვებს მე ამინდი ესე?
რატომ შფოთვა გულმა აღარ დაიტია?
ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან, შიგნით სულში
უფრო უარესი ჭექა-ქუხილია.
ამინდი არ ცხრება, ქუხილი მატულობს,
ელვამ, უსირცხვილომ, ცაც კი გაარღვია.
უკვე გული მიგრძნობს, ქუჩაშიც და სულშიც
მალე დაიწყება წვიმა დიდი თქეშით,
ამის დროა უკვე, ამის საათია.
როგორ ჩამობნელდა, ცაზე ბურუსია,
არა ვღელავ, მაგრამ თან არც მიხარია.
წვიმა გადაღებას თითქოს სულ არ გეგმავს,
ისევ ელვა ცაზე, ისევ ქუხილია.
აღარ გადაიღებს წვიმა საზიზღარი?
ჩემშიც ელვაა და ჩემშიც ქუხილია.
გარეთ ვიხედები გაფაციცებული,
ცისარტყელას მოვკრა ეგებ სადმე თვალი.
ბოლო გაბრძოლება, ბოლო ელვა ცაზე,
ქუხილმაც დატოვა თავის ბოლო კვალი.
წვიმამ იკლო უკვე. წვიმამ გადაიღო,
ჩემი სულის ელვაც ეგებ თან წაიღო.
ქუჩა ახლა უკვე წვიმის სურნელს აფრქვევს,
ჩემშიც უკვე სულ სხვა სულის ამინდია.

1.05.2014

გაზაფხულის "ლომკა"

სურნელი წვიმის,
გაზაფხულზე რომ შეგიღიტინებს,
მზე ღრუბლებიდან გამოაჭყიტებს,
ჩაგეხუტება, გულში ჩაგიკრავს,
დაგთბება სულშიც და გაიღიმებ.
თუნდ გაზაფხულზე
აფეთქებული კვირტების თოვა
და მერე მათი სურნელით თრობა...
ეს ყველაფერი ისე ლაღია, ისე ლამაზი
და სასურველი,
მე ვემსგავსები სულით ნარკომანს,
მეწყება "ლომკა", შესაბამისად,
ვითხოვ ამ სურათს დიდი დოზებით.

23.04.2014

Just smile :)

თავში ქაოსი,
გადაუჭრელი საკითხები,
რაო, რა მოგდის?
რთულ ცხოვრებას კიდევ უფრო
რატომ ართულებ?
ერთხელ მარტივად დაიკიდე
ან გაატარე.
ისევ ქაოსი,
გადაუჭრელი საკითხები
თავში უკვე ტანგოს ცეკვავენ.
შენ შველას ითხოვ...
რა ვქნა, რა გიყო,
მე რომ ამჯერად
პასუხი არ მაქვს...
ზოგჯერ ვმბრძანებლობ
ან დიქტატორის იარლიყს ვირგებ,
მაგრამ მერწმუნე,
ეს ყველაფერი ნიღაბს უფრო ჰგავს
და სხვა არაფერს,
სიმართლეს გეტყვი -
რომ ცხოვრებას
არც მე არ ვმართავ,
რომ ჩემთან თავშიც ქაოსია
არანაკლები,
გადაუჭრელი საკითხები
ჩემ თავშიც უკვე
მერამდენე ტანგოს ცეკვავენ.

21.04.2014

მებოროტება, თუმცა....

მებოროტება, თუმცა 
მაინც არ ვარ ბოროტი.
კარგი, დამარქვი,
თუ ასე გინდა, მაინც ბოროტი.
თუმც მეგონება, რომ 
მე უფრო ვარ
სარკასტული და ირონისტი.
შენ გაიცინებ,
მაინც ჩამთვლი კვლავ მე ბოროტად
და "პირზე კოცნით" ისევ მეტყვი: 
- შენ ხარ ბოროტი,
გულით კეთილი, თუმცა
სიტყვები შენ გაქვს ბოროტი".
მე გავიცინებ, არ მეწყინება,
შენს ნათქვამს შევძლებ გავუსწორო
კატისებრი ჩემი თვალები,
და თუნდაც თავზე შენი ხელით
მე დამედგას ბოძებული იგი გვირგვინი
ზედაც წარწერით: "დიდი ბოროტი",
ამაყად ავწევ თავს და გეტყვი:
- მებოროტება, თუმცა
გულით არ ვარ ბოროტი.

20.04.2014

მე კვლავ ვარ ბავშვი

მე დავრჩი ისევ ბავშვობაში,
ვერ გავიზარდე.
ან იქნებ სწორედ
უარი ვთქვი სულაც გაზრდაზე.
იქნებ ასე სჯობს,
რომ შეხედო ცხოვრებას ბავშვმა.
ვიცი, რომ შავ-თეთრ სათვალეს
შენ დიდხანს ვერ დათმობ,
თუმც ზოგჯერ მაინც
რომ გაერთო ბავშვური ჭკუით,
არ დაშავდება ალბათ ამით
სულ არაფერი.
ჰო, რეალისტო, თუკი ამბობ,
რომ ხარ კვლავ ბავშვი,
დაე,
გახსენი შინაგანი,
გვერდზე გადადე შფოთვები
და წუხილი ხვალის.


8.04.2014; 21:28

თავს ვირთობ მხოლოდ

ვიცი რომ ვჯღაბნი,
ვიცი რომ ვკაწრავ,
კალამს ვაწვალებ,
ფურცლებსაც ვხარჯავ.
შენ რა გადარდებს
ან რაზე ჯავრობ?
ეს მხოლოდ მართობს,
ამ ჩანაწერებს
რამე დიადის მიზანი არც აქვთ.
ლურჯი ან შავი კალამის კვალი
კვლავ დაემჩნევა
ქათქათა ფურცლებს.
შენი რა მიდის?
შენსას რას ვხარჯავ?
თუკი შენ მაინც ნერვი გეშლება,
რაღას კითხულობ,
დროს რაზე კარგავ?
თავშიც გითხარი, რომ
ჩემთვის ვჯღაბნი,
თავს ვირთობ კარგად.





2.04.2014

Wednesday, August 20, 2014

წკაპ... წკაპ... წკაპ...


   სახეალეწილი წვიმის წვეთები ეხეთქება დედამიწას და იშლება ნაწილებად, ნაწილაკებად, მოლეკულებად. ჯერ ნიაღვარი არაა და იჟონება დედამიწის სიღრმეში. გარეთ ვზივარ და წვიმის ხმის გარდა არაფერი ისმის. ხის ფოთლებზე, სახლის სახურავებზე, ფანჯრების რაფაზე, ყველგან წვიმის წვეთები დათარეშობენ. შიგადაშიგ ნიავიც წამოუბერავს და თითქოს წვიმაც უფრო მეტი მონდომებით მოდის, არ მაჯობოსო ქარმა.
        მიწა უკვე საგრძნობლად გადასველდა და ჰაერშიც წვიმის სუნი იგრძნობა. საღამოა. წესით მზეს ახლა რა უნდა, მაგრამ ჩუმად იჭყიტება ღრუბლებიდან, "მზე პირს იბანსო" - ხომ ამბობენ. მიყვარს ასეთი ამინდი. მზიანი წვიმის მერე ცისარტყელა იცის ხოლმე და მეც პატარა ბავშვივით მიხარია მისი დანახვა.
    ქუხს (ქუხილის მეშინია), თან ისე ძლიერად, რომ გეჩვენება თითქოს ღრუბლები ჯარისკაცებად დაირაზმნენ და საომრად გამზადებულანო, ომი გაუმართავთო.
      ცოტა სიგრილეა, მაგრამ გაზაფხულის წვიმა მაინც სხვანაირად მიყვარს, რაღაცნაირია, მხიარული, ცელქი, მსუბუქი, უფრო სანგვინიკი და ზამთრის მელანქოლიურ წვიმას არაფრით არ ჰგავს.
    წვიმამ მოუკლო. თითქოს წეღანდელმა სიბრაზემ გადაუარაო. წვიმის წვეთებიც ისეთი დიდები აღარ არიან და უკვე მორიდებით ეცემიან მიწას. მგონი ღრუბლები ძალას იკრებენ, რომ ახალი  ენერგიით მეტი სიმძაფრე შემატონ ლაზათიან გაზაფხულის წვიმას.
    ასეთ ამინდს შაშვის გალობა უხდება, შემიმჩნევია წვიმის მერე ხშირად გალობს ხოლმე. ეტყობა მასაც მოსწონს შხაპუნა წვიმა და გალობით მადლობას უძღვნის. ვზივარ ეზოში და უკვე შაშვის გალობას ველოდები. ცისარტყელა არ გამოჩენილა...





2012წ.





                                           

Tuesday, August 19, 2014

ეს ის არ არის...


  რა მარტივად მოვიდა სიკვდილი. იჯდა და წერდა როგორც ყოველთვის. მოულოდნელად ხმაური შემოესმა, ვერც კი გააცნობიერა რა ხდებოდა, თავი რომ ასწია უკვე...  შემოცვივდნენ ვიღაც ნიღბიანები და ერთი მათგანის დამიზნებულმა იარაღმა თავისი ტყვია პირდაპირ მის საფეთქელში მოათავსა. წვა იგრძნო თითქოს და რაღაცნაირი სიცხე,  მაგიდაზე თავის დარტყმაც. მერე ყველაფერი გაბუნდოვანდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო დასასრული. ისევ აგრძელებდა ფიქრს. ნეტა როგორ? ყოველთვის ეშინოდა სიკვდილის, ბევრჯერ უფიქრია ამაზე და შეიძლება ათასი ვარიანტიც დაუხატავს, მაგრამ ასეთი არასდროს. რა სულელური სიკვდილია, თითქოს უმტკივნეულო, მაგრამ მაინც სულელური. ჰმ, საკუთარ თავზე გაეცინა, არასდროს არ კმაყოფილდებოდა ცხოვრებით, თავისი თავით. სულ უკეთესობის, უკეთესი არჩევანის, უკეთესი მიზნის, მოკლედ იდეალების ძიებაში და მიღწევაში იყო და ახლა სიკვდილიც დაიწუნა.
      გაბუნდოვანება და ნაცრისფერი ნისლი ნელ-ნელა გაიცრიცა. მაგრამ სურათმა შეზარა. ყველა დახოცილი იყო, ყოველ შემთხვევაში ყველა სისხლიანი და გონდაკარგული. მისი ორი მეგობარი, კომპიუტერთან ერთი კლავიატურაზე დამხობილი, მეორე კი სკამის ქვეშ გართხმული, პირველს ზურგში და მეორეს გულში ჰქონდა ნასროლი, სისხლის გუბე ნელ-ნელა ფართოვდებოდა. უცებ გული მოეწურა, მეზობლის ბავშვი, დედამ რომ ჩააბარა, მძინარე მიეცხრილათ საწოლშივე, 5 წლის ბავშვი. შურისძიების, ბრაზის, გაბოროტების გრძნობამ იფეთქა, მაგრამ წამშივე გაუქრა, აზრი აღარ ჰქონდა და იმიტომ.
       უცებ...  ოოო, ეს ყველაზე შემზარავი რამ იყო, რაც კი ოდესმე უნახავს. საკუთარ თავს ზემოდან დაჰყურებდა, მარჯვენა ლოყით მაგიდაზე თავჩამოდებული, ხელში კალამშერჩენილი, ღია თვალებით, თვალებში ის გაკვირვება იდგა, რასაც ახლა თავადაც გრძნობდა. ღმერთო, როგორ შეეცოდა თავისი თავი.
       ხმაური ისევ გაიგონა. მეორე სართულიდან ისმოდა. მერე ნიღბიანებიც დაინახა, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, როგორც ჩანს მკვლელობა არ ჰქონდათ წინასწარ დაგეგმილი, იმედგაცრუებულნი ჩანდნენ. ერთს ხელში მისი ლეპტოპი ეკავა და მეორეს ყულაბა, ორი წლის წინ რომ უყიდა მეგობარმა. გულში ხარხარი აუტყდა. "გახსნას, გახსნას, ოღონდ გახსნას" - გაიფიქრა დამცინავი განცდით. ნიღბიანმა ყულაბის თავი მოხსნა და გინების კორიანტელიც მოაყარა. "რა ეგონა" - ისევ გაიფიქრა, როცა იქ არსებული 20 ლარიანი გაახსენდა და ხარხარი ისევ გულში აციმციმდა, მოიცვა მთლიანად ამ ხარხარმა. ეს იყო ნიშნისმოგებითი, ტკივილნარევი, მაგრამ მაინც ხარხარი, თან იმდენად ხმამაღალი, რომ უცებ შეეშინდა ნიღბიანებს მისი არ გაეგოთ. მერე ამ ფიქრზე გაეცინა - ის ხომ უკვე მკვდარი იყო...
       თავის სხეულთან ახლოს ჩამოჯდა და ნაწერს დააშტერდა. სამუშაო დაუსრულებელი დარჩა. ეს სტატია ხვალინდელ გაზეთში უნდა ყოფილიყო. არაუშავს, გაზეთის ეგ ნაწილი უფრო სენსაციური სტატიით შეივსება - მკვლელობები და მსგავსი ბომბი ხომ უფრო ეფექტურად მოქმედებს მკითხველის ყურადღების მისაპყრობად. "რა უცნაურია, სიკვდილის მერეც რა პრაგმატულად განაგრძობს ფიქრს".
        თითქოს ძალა გამოეცალა, დაიღალა... იქ ყოფნა უკვე დამთრგუნველი იყო მისთვის, უნდოდა ეყვირა, უნდოდა წაეხრჩო ნიღბიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები უკვე ტოვებდნენ ბინას. ყვირილი კი არ შეეძლო. თითქოს ისევ გაურკვევლობაში, ბუნდოვანებაში, რძისფერ ნისლში წავიდა, ჩაიძირა, თითქოს დაეძინა.
       წკრრ, წკრრ.. - აწკრიალდა ტელეფონზე მაღვიძარას ზუმერი და თავი ძლივს წამოწია საწოლზე. 
        - ადექი, შენ რა სამსახურში არ გაგვიანდება ვითომ? - შემოსძახა დაქალმა და ყავის ჭიქით ისევ სამზარეულოსკენ გაიქცა, - გუშინაც მაგიდაზე დაგეძინა, ძლივს გამოგიყვანე საწოლ ოთახში, რა გაქვს ამდენი სამუშაო? - გამოსძახა ისევ სამზარეულოდან, - ყავა დაგისხი და მე წავედი უკვე.
       "არ არსებობს, აუუ, სიზმარი ყოფილა", - გაეცინა, - "საბედნიეროდ" - დაამატა ფიქრში.
    - ვაიმე, სტატია დამრჩა დასაწერი, - ხმამაღლა წამოიყვირა და საწოლიდან ფეხშიშველი გავარდა სამუშაო ოთახისკენ...

9.11.2012 01:35

Friday, May 23, 2014

Black & Blue

გაბრწყინებული სახე
და ანთებული თვალები,
ღიმილი ტუჩის კუთხეში
როცა მას რამეს მისწერ.
მერე დაძაბული მზერა
პასუხის მოლოდინში,
ისევ ღიმილი სახეზე,
ცისფერ თვალებში სხვი,
თითები სისწრაფეში
შენს ახალ პასუხს მისწერს.
ო, ნეტა დამანახა
იმისი სახეც ამ დროს,
ალბათ მეორე მხარეს
იგივე სურათია:
გაბრწყინებული სახე
და ანთებული თვალები,
ღიმილი ტუჩის კუთხეში
როცა შენ რამეს მოგწერს.
თან დაძაბული მზერა
შენს პასუხს როცა ელის,
ამჯერად შავი თვალები
და გიშრისფერი სხივი.
ისეთი სითბო იგრძნობა
ამ მიწერ-მოწერაში,
ისეთი სიყვარული,
შორით გიმზერთ და
მე უკვე გულიც კი ამიჩქარდა,
მეც უკვე ტუჩის კუთხეში
ღიმილი მომეძალა,
შავი და ცისფერი თვალების
ამ ბრძოლამ სულ შემშალა...

                                                                         22.02.14

Sunday, May 18, 2014

დაკარგული დრო...

დაგენანება, გეუბნები დაგენანება,
ყველა გასული დღე და წუთი დაგენანება.
დრო სწრაფად მიჰქრის, დრო არ დაგიცდის,
გეუბნები თითოეული გასული წამიც დაგენანება.
მას ნუ დაუცდი, თავად თქვი რამე,
რა გარანტია - რომ ის დაგიცდის?
რაც მთავარია - დროც არ დაიცდის.
ბევრს ნუ იფიქრებ, ხვალ ნუ  გადადებ,
მეხვალიე კაცს დრო არ დაუცდის.
შენ მაინც იცი რომ დროის ფასი
ამქვეყანაზე რარიგ დიდია,
იქნება ისიც შენსავით იცდის?
ერთი ნაბიჯი, ერთი შეკითხვა
და შეკითხვაზე მისი პასუხი,
ეგება ბედი რა კარგს გიმზადებს,
შენ კი კვლავ იცდი და გავიწყდება
რომ დრო სწრაფია, დრო არ დაგიცდის...

                                                                17.05.14

Saturday, May 17, 2014

ხსოვნას...

                     https://www.facebook.com/profile.php?id=100008389116744&fref=ts
მეხი არ იყო და რამ იჭექა,
რატომ ჩამოწვა ბინდი მიწამდე?
გრგვინვა -ქუხილი ხალხის ხმა იყო
ვერ გაერკვია ვინც რომ აქამდე.
წუთისოფელი ბინდისფერია,
მხოლოდ ხანდახან თუ გაანათებს.
ხალხში გლოვის ხმა მჭახედ გაისმა,
დაისადგურა სულში დაისმა.
ციდან ვარსკვლავი მიწას დაეშვა,
ერთი კი არა, სამი დაეცა,
სამი ხე, სამი დიადი მუხა,
წელგამართული, ახალგაზრდული,
ტოტებაწვდილი, ფოთლებგაშლილი,
სიცოცხლისათვის წამომართული.
ბედთან ჭიდილი მოულოდნელი,
ჭახანი, მსხვრევა და გულისცემა
ბოლოჯერ... მერე გაჩერებული...
მიწა იგლოვებს დაცემულ ხეებს,
ხალხი დააფრქვევს უთვალავ ცრემლებს,
ცამდე მიწვდება გლოვა საზარი,
ცავ, სამართალი ნეტავ სად არის?
ჩანავლდა ცეცხლი, რაღაც დასრულდა,
ქვიშის საათმაც სვლა დაასრულა,
ხეების ფერფლი ზეცას მიჰყვება,
თუმც ხსოვნა მათი ჩვენთან იქნება.

                                                           13.05.14

Saturday, March 22, 2014

ნუ შემიბრალებთ!

ნუ შემიბრალებთ,
ნიშნისგებით თითს ნუ მომიშვერთ,
ნუ უჩურჩულებთ ერთმანეთსაც
 ჩემზე ნიშნებით.
დაე, მეტკინოს ისევ გული,
სულ გაიბზაროს,
ნუ შემიბრალებთ,
თქვენ ოღონდაც არ შემიბრალოთ.
სულ დაისეროს ეს გული და
თუნდ მოეყაროს ირონიის თქვენი წილი
ზედ გემოვნებით,
არ შემიბრალოთ,
გევედრებით ნუ შემიბრალებთ.
მე ძლიერი ვარ,
გადავიტან ამ დაცემასაც,
მე კვლავ აღვსდგები,
ძალებს მოვიკრებ და
ფენიქსივით კვლავ განვახლდები,
ოღონდ მადროვეთ,
ამ ეტაპზე ნუ შემიბრალებთ.
მე ამაყი ვარ,
თქვენი სიბრალულით
გულს უფრო მატკენთ.
დროს ვითხოვ მხოლოდ,
რომ ისევ შევძლო
ამ დაცემიდან ფეხზე ადგომა.
ჰო, პატიების უნარიც მინდა
რომ ვაპატიო...
და მერე შევძლებ ჩემი სახის
კვლავ დაბრუნებას.
ბრბოვ, მხოლოდ ერთხელ
უარი უთხარ შენს ჩვეულებას,
თითს ნუ მოიშვერ ჩემკენ
შენი ჩვეული მზერით,
ეს სიბრალული ზედმეტია,
მე არ მჭირდება.
მე ძლიერი ვარ
შევძლებ ამის დავიწყებასაც.
27.02.14

Wednesday, March 19, 2014

მუზა

მე ლექსებს ვწერ, ჩავიკარგე,
სტროფებს ვეღარ ვუყრი თავს.
მუზას ვერსად დავემალე,
სულ აღარ მანებებს თავს.
-ორი წუთით დამასვენე,
არაფერზე ვიფიქრო,-
ვეხვეწები ჩურჩულით და
თან მუხლებზე ვუჩოქებ.
-არა, ასე ვერ იქნება,
შენ რომ სულაც იტირო-
ამას მუზა მეუბნება
ნიშნისგებით, თვალჩაკვრით.
რახან უკვე აღარც თხოვნა,
აღარც ხვეწნა აღარ ჭრის,
ვჯდები ისევ მაგიდასთან,
სტრიქონებად ვიცლები.
მუზაც იქვე გვერდით მიზის,
ირონიით მომიგებს:
-ჩაი ხომ არ მოგართვაო,
ყავას ხომ არ მიირთმევ?


19.02.14

Tuesday, March 18, 2014

თვალები ცრემლით სავსე...




***
თვალები ცრემლით სავსე
და სხივჩამქრალი მზერა,
ისევ ფიქრები მასზე, დარდი-
რომ არ მოგწერა.
მაინც მის მხარეს იჭერ
მოუხმობ ფანტაზიას, 
სხვადასხვა ვარიანტით
ცდილობ მის გამართლებას:
იქნება რაღაც სჭირსო, 
იქნებ რა დაესენა.
კარგი რა, დაო, გეყოს
და ცრემლი შეიმშრალე,
ისე რა გაუჭირდა
რომ ერთი დაერეკა?
გიყურებ სევდით სავსეს,
მეც უკვე შიში მიპყრობს,
შენმა ცრემლის ზღვამ უცებ
ვაითუ მეც წამლეკოს.
მინდა გირჩიო რამე,
გითხრა რომ დროსთან ერთად
ტკივილიც გაქარწყლდება,
დრო დარდსაც თან წაიღებს, 
დროს ვერვინ მოერევა.
რატომ გგონია, კარგო,
შენს ცრემლად ვინმე ღირდეს?
აქეთ იტიროს იმან,
ვინც შენზე ფიქრებს ბედავს.
დამიჯერებდე მაინც,
ცრემლს შეიშრობდე ნეტავ,
შეეშვებოდე ეგებ
მაგ მელოდრამის ცქერას.
მე მხოლოდ ერთს გთხოვ, დაო,
ამ ერთხელ დამიჯერე,
რომ მერე შევძლოთ ერთად
ამ სევდიანი ღამის
ღიმილით გახსენება.
ჰო, დამიჯერე, მერე
ღიმილი მოგერევა
გაგახსენდება როცა 
მელოდრამების ცქერა, 
ყავის, ჩაის სმა ბევრი,
ან და დილამდე ჩვენი
ჩურჩულით საუბრები.
გთხოვ, დარდი დაასრულე,
მე ამას გევედრები!
17.03.14